მთავარი»Slider»“ამ დროს ქუთაისის მერიის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, შენობის დიდი ნაწილი გამოიბუგა”

“ამ დროს ქუთაისის მერიის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, შენობის დიდი ნაწილი გამოიბუგა”

7
Shares
Pinterest Google+

“2004 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებიღ საღამოს 6 საათი იქნებოდა, ჩემთვის ჭადრაკს ვთამაშობდი და ამ დროს ქუთაისის მერიას ცეცხლი გაუჩნდა.
კაცმა რომ თქვას, მთლად ჩემთვისაც არ ვთამაშობდი. ეს ამბავი რესპუბლიკური მნიშვნელობის ტურნირზე მოხდა, რომელიც მერიის მოპირდაპირე მხარეს, ფალიაშვილზე, “დეცკიმირისა” და ოქროს ბირჟის ყოფილი შენობის ვრცელ დარბაზში გაიმართა. მასში ქართული საჭადრაკო ელიტის ბევრი წარმომადგენლი მონაწილეობდა, ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის ჩათვლით. მათ შორის, ფიდეს რეიტინგით დიდოსტატის სტატუსის მქონე რამდემდენიმე მამაკაცი მოჭადრაკე.
მოხდა ისე, რომ ორგანიზატორებმა ტურნირში მონაწილეობის უფლება სპორტული თანრიგის მქონე რამდენიმე ნორჩ მოჭადრაკეს და მოყვარულს დართეს.
მე არც დიდოსტატი ვარ, არც საერთაშორისო ოსტატი. იმ დროისათვის ნორჩიც აღარ მეთქმოდა ორმოცს გადაცილებულ კაცს. ესე იგი, მოყვარული ვყოფილვარ. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად კი თანამდებობრივი “ბლატი” გამოვიყენე.
“ბლატში” იმას ვგულისხმობ, რომ, სანათესაოს ტერმინოლოგიით, “დიდი კაცი” ვიყავი და სავარდო-სამაისო ქალაქის მერიაში მთლად მერად არა, მაგრამ მერის მოადგილედ კი ვმუშაობდი.
როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში, ვრცელი და დრამატული ისტორიაა. მოკლედ მას რევოლუციური დამსახურება შეიძლება ვუწოდოთ ამბროსიჩის წამსევების და ვარდოსნების მომსევების საქმეში. საკურატორო სფერო მქონდა იმდენი, წესით ქალაქში ამძუვნებულ კატებს ვერ უნდა დაეღნავლათ ჩემი რეზოლუციის გარეშე, მაგრამ არავინ არაფერს მეკითხებოდა. მოწყენილობისა და უსაქმურობისგან მთქნარებას ვერ ვიკავებდი და ზემოხსენებული საჭადრაკო ტურნირი ჩემთვის პირდაპირ ხსნა იყო. ქალაქის მერს, დიდოსტატ გია გიორგაძეს ვუთხარი, თუ მონაწილეთა სიაში არ ჩამწერთ, გადავდგები-მეთქი. იმას შეეშინდა, ამან სკანდალი არ მომიწყოსო და, მითხრა – ჯანდაბას შენი თავიო.
ან ერთმა რა ვიცოდით, ან მეორემ, რომ მერიას ცეცხლი მაინცდამაინც იმ დღეს გაუჩნდებოდა.
დაიწყო ტურნირი. წილისყრამ ასე ინება, პირველი შეხვედრა დიდოსტატ მჭედლიშვილთან მომიხდა. მიშა ვახსენე, პირჯვარი გადავიწერე და კარო-კანის დებიუტი გავითამაშე, მაგრამ იმ ჩემი ცოდვით სავსემ თამაში ესპანურ პარტიაში გადაიყვანა და მეცხრამეტე სვლაზე ისე დამამთხლია, კაცი იფიქრებდა, ფიგურებს ტეხასურმა ქარბორბალამ გადაუარაო – ირმამ, კატრინამ თუ რომელიმე მათმა გარებიძაშვილმა. ჩემს ოპონენტს შევხედე და გავიფიქრე, ოსტაპ ბენდერივით თავში დაფა ხომ არ ვთხლიშო-მეთქი. მერე გადავიფიქრე. ილფთან და პეტროვთან თვითონ დიდოსტატმა თხლიშა მოყვარულს. აქ მე რომ მეთხლიშა, ჟანრის პრინციპი ირღვეოდა და ხელი ჩავიქნიე.
ცეცხლი ჯერ კიდევ არ იყო გაჩენილი.
მეორე ტურში ჩემს წინ, დაფასთან პატარა თანრიგოსანი გოგონა აღმოჩნდა. ასე, ათი წლის იქნებოდა, ან თერთმეტის. შავი დღე მაყარა. ყველა მხრიდან შემომიტია. საითაც გავიქეცი ტავის გადასარჩენად, იქ დამხვდა ალისტრახოს ვიდეოკამერასავით. მთელი ვაჟკაცობა მოვიკრიბე, ხვრელში გავძვერი და ბოლოს, როგორც იქნა, ყაიმს მივაღწიე. ეს დიდი მიღწევა იყო. მერიის პრესტიჟი გადარჩა.
მერიაზე გამახსენდა. სწორედ ამ დროს მის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
ბულვარში ჩოჩქოლი რომ ატყდა, ცხვირსახოცით სახეზე მოდენილ ხვითქს ვიმშრალებდი, თან თვალს იმ პატარა, გაწბილებისგან სახეწამოჭარხლებული გოგოსკენ ვაპარებდი, ემანდ დაფა თავში არ მთხლიშოს-მეთქი. საამნაირფიქრო რომ ვერაფერი შევატყვე, დავმშვიდდი, მაგრამ მუხთალი ბედს დიდხანს ვისთვის უსიამოვნებია, მე რომ გამონაკლისი ვყოფილიყავი. აკი გითხარით, მერია ცეცხლში გაეხვია-მეთქი.
პირველად რომ ვიღაცამ ახსენა, ხანძარიაო, დარბაზიდან გამოვედი, ბაღისკიდე გადავჭერი და მერიის წინ გავედი. იქ უკვე საკმაოდ დიდი ბრბო შეკრებილიყო. სახურავიდან ალი ამოდიოდა და თავიდან მოკრძალებულად ბოლავდა. მალე სახანძრო მანქანა მოვიდა. მერე მეორე და მესამე. ცეცხლი გაძლიერდა და მეოთხე სართულის ფანჯრებიდან ენის ტლატვა დაიწყო. ამასობაში დაბნელდა კიდეც. მეხანძრეები გარედან ასხამდნენ წყალს, მაგრამ წყალი იყო თუ ნავთი, ყოველი მისხმის მერე ცეცხლი კიდევ უფრო ავდებოდა. ცენტრალური ფლიგელის სახურავის დიდი ნაწილი დაიწვა. ვიღაცას მოაფიქრდა, ბოლო სართულზე მინები უნდა ჩავამსხვრიოთ, რომ წყალმა კაბინეტებში შეაღწიოსო. ითქვა, მაგრამ კატის და ეჟვნის არ იყოს, ძლიერი ცეცხლისა და დაკვამლიანების გამო, იქამდე მიმღწევი არავინ იყო. გარედან პისტოლეტით ესროლეს რამდენჯერმე, მაგრამ ააცილეს. მერე იფიქრეს, რიკოშეტით ვინმე არ ვიმსხვეპლოთო და სროლა შეწყვიტეს.
კარგა ხანს გაგრძელდა ბრძოლა ქალაქის ტვინის გადასარჩენად. ბოლოს და ბოლოს, სტიქიამ უკან დაიხია, მაგრამ შენობის დიდი ნაწილი გამოიბუგა. რაც ცეცხლმა დააკლო, რამდენიმე ათეულმა ტონა წყალმა მოუთავა ხელი. ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ ჩვენი, ანუ ქალაქის მამების ტიტანური შრომის ამსახველი დოკუმენტური მტკიცებულება პირწმინდად განადგურდა და მხოლოდ მოსახლეობის ნათელ ხსოვნაში დარჩა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ტროტუარზე გამვლელ-გამომვლელთა უმრავლესობა ნიშნის მოგებით ამოხედავდა-ხოლმე შავად გამურულ კაბინეტებს და შემოგვიკურთხებდა – რატო ყველა შიგნით არ გამეიწვით, თქვენი დედაც კი მოვ..ანო.
მომდევნო დილით, ინერციით სამსახურში წავედი. წყლით ჩამორეცხილ ფოიეში ნახანძრალის საშინელი სუნი იდგა. კედლებს მური ხავსივით მოდებოდა. მერი მოვიკითხე. მარცხენა, ხანძარს გადარჩენილ ფლიგელში ვნახე, აპარატის უფროსის კაბინეტში მდგმურივით შეყუჟული და რაღაც დოკუმენტებს აკოწიწებდა. მერე ჩემ სამუშაო ოთახს მივაშურე მარჯვენა ფლიგელში (ბონდო შალიკიანის ყოფილ კაბინეტში ვიჯექი, მისივე გარემონტებულში, სადაც, სოლო ცოდვილო, სულ პწკიალი გაუდიოდა ყველაფერს). აღმოჩნდა, რომ ეს მხარე ყველაზე კარგად იყო გადარჩენილი სტიქიას. შეიძლება ითქვას, ცეცხლს და წყალს აქეთ გამოხედვა დაეზარათ. კარი შევაღე და შვებით ამოვისუნთქე. ყველაფერი ადგილზე იყო, მშრალი და დაუზიანებელი. კარადები, მაგიდები, სკამები, კომპიუტერი, კედელზე რომელიღაც ბაღის გამგის მიერ ნაჩუქარი ხატი… მაგიდაზე კი დოკუმენტების გროვა ჩემს მიერ დადებული ცინცხალი რეზოლუციებით. რაღმე ცრემლი მომადგა და ჩუმად მოვიწმინდე, რომ ჩემს თანაშემწეს, მაღვალაკ რატი ასათიანს არ შეემჩნია.
აფსუს, კომუნისტებისდროინდელი რევიზიასავით რა უდროო დროს დაგვეცა თავს ეს ცეცხლიშვილი. იქნებ მესამე შეხვედრა მაინც მომეგო ვინმე მოყვარულისთვის.
ასე იყო ეს ამბავი, შეულამაზებლად…” – წერს ფეისბუქში ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი.

წინა სტატია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 360-მდე ადამიანი დაშავდა

შემდეგი სტატია

ნეტა ის მამა, პოლიეთილენის პარკით რომ მოჰქონდა შვილის ცხედარი თუ აკითხავს თავისი შვილის საფლავს?!