მთავარი»Slider»„იცვლიან მინისტრებს ცხვირსახოცებივით“ – რატომ თქვა სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი მანანა ნიკოილაიშვილმა?

„იცვლიან მინისტრებს ცხვირსახოცებივით“ – რატომ თქვა სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი მანანა ნიკოილაიშვილმა?

10
გაზიარებები
Pinterest Google+

5 მინისტრი 7 წელიწადში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილება პირადი მიზეზით ახსნა, თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, მინისტრი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეს შეეწირა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ბატიაშვილის პოსტიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე, ია კერზაიას ვაჟის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შენგელია საქართველოს წინააღმდეგდარეგისტრირდა.
ოპოზიციის არგუმენტების მიუხედავად, განათლების ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მინისტრის თანამდებობიდან წასვლა კერზაიას საქმეს კი არა, მის ცუდად მუშაობას უკავშირდება. ასეა თუ ისე, მინისტრის გადადგომისთანავე, დასახელდა ბატიაშვილის შესაძლო შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურა:
ერთერთი ვერსიით, განათლების მინისტრის პოსტზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განიხილებოდა, რომელმაც მაშინვე უარყო ეს ინფორმაცია.  ნაწილის ვარაუდით, ბატიაშვილს მისივე მოადგილე გიორგი ვაშაკიძე შეცვლის. მესამე კანდიდატურად სოხუმის უნივერსიტეტისრექტორი ზურაბ ხონელიძე დასახელდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი განათლების მინისტრად ყოფილი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძის, პრემიერმინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოსაღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურები განიხილება.
რამდენად დამაზიანებელია განათლების სისტემისთვის მინისტრების ხშირი ცვლა და ვინ შეიძლება ვიხილოთ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელად? „პროგრესნიუსის“ კითხვებს განათლების ექსპერტმა მანანა ნიკოლაიშვილმა უპასუხა:

_ განათლების  მინისტრების ხშირი ცვლის მიზეზი ისაა, რომ მთავრობას სამოქმედო სტრატეგია არ გააჩნია. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიმეცნიერული და ანტიკონსტიტუციური ანტირეფორმები ტარდება და ამის შედეგები მინისტრებს ბრალდება. სინამდვილეში კი ყველაფერი სახელმწიფო დონეზე ხდება. სრულიად შეგნებულად მოჰყავთ მინისტრებად არაპროფესიონალები, ყველანაირ სისაძაგლეს აკეთებინებენ და ანგრევენ ისედაც დანგრეულ განათლების  სისტემას. ამის მერე ცვლიან და უარესი კანდიდატები მოჰყავთ მინისტრებად..
_ თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა მიხეილ ბატიაშვილის წასვლა ია კერზაიას საქმეს?
_ არავითარ შემთხვევაში. მინისტრის წასვლის მიზეზი ისაა, რომ განათლების სისტემაში უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა. ათიათასობით მასწავლებელი სახლში გაუშვეს და სამაგიერო ცვლა ვერ მიიღეს. ვინც მიიღეს, ყველა არაპროფესიონალია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი ფიზიკის და ქიმიის გაკვეთილს ატარებს.
_ ამას სერიოზულად ამბობთ?
_ რა თქმა უნდა. მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლის პროფესია დეფიციტური გახდა და გაკვეთილები აღარ ტარდება. ასეთი მძიმე მდგომარეობაა და ესენი კიდევ მასწავლებლების გაშვებას გეგმავენ. გატარდა და ტარდება მავნებლური პოლიტიკა და ამათი გამოცდომანიის შედეგიც ესაა. იცით, სად მიდიან სკოლიდან გაშვებული მასწავლებლები? უმეტესობა საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. ოჯახებით აიყარა ხალხი. რას აკეთებენ ესენი საერთოდ ჭკუაზე არიან?
_ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. მათ შორის, რომლის ხილვას ისურვებდით მინისტრად?
_ ახალი მინისტრი „ქართული ოცნებიდან“ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იმ ხალხს, რომელიც სამინისტროდან და სამინისტროს ქვესტრუქტურებიდან დიდი ხნის გასაშვებია, ვერ გაუშვებს. რა უნდა სამინისტროში ხალხს, რომელმაც სააკაშვილის დროს რეფორმები „ჩააგდო“ და სისულელეები აკეთა? სოფო გორგოძე რატომ მოაბრუნეს? ოცნებამ ის ხალხი დააბრუნა, რომელიც ნაციონალებმა სამინისტროდან გაყარა. რატომ მოგყავს წარუმატებელი რეფორმის შემქმნელები უკან თუ სისტემის გაჯანსაღება გინდა?
რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, რატომ წირავს ეს ხალხი თავს, ვერ გამიგია. ჩემი კანდიდატურაც იდგა განათლების მინისტრობის პოსტზე შევარდნაძის დროს და სააკაშვილმაც შემომთავაზა, მაგრამ მე ყოველთვის ვპასუხობდი, რომ საერთაშორისო ძალები საქართველოს განათლების სისტემას ანგრევენ და მე ამ ნგრევაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამიტომ არ გამოგადგებით მინისტრად მეთქი. რა წესია, მიდიან, ჩამოაქცევენ სისტემას, დაღუპავენ ახალგაზრდობის მომავალს და მიდიან. იცვლიან ამ მინისტრებს ცხვირსახოცებივით და განათლების სისტემა უკან და უკან მიდის. თუ არ მისცემენ რეალურად საქმის კეთების უფლებას, არავინ უნდა გაწიროს თავი მინისტრობისთვის.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ საქმის კეთება უნდათ, თუ უნდათ, რომ საქართველოს განათლების სისტემას ეშველოს, მინისტრად ზურაბ ხონელიძე უნდა დანიშნონ. განათლებაში უნდა მოვიდეს სისტემაში ავტორიტეტული ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა საფეხურები აქვს გავლილი და სისტემა იცის. სწორედ ისეთი, როგორიც ზურაბ ხონელიძეა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობაზე წელიწადი და ოთხი თვე დაჰყო. ვნახოთ, რამდენად „გამძლე“ აღმოჩნდება ახალი განათლების მინისტრი.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

„რეკლამებში ფულის ხარჯვას, ჯობს უბრალოდ "კლუჩები" იყიდოთ“ - ოთარ აბესაძე „თეგეტა მოტორსს“ მიმართავს

შემდეგი პოსტი

„არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი, ეს იქნებოდა ტყუილი” - ნინო სუხიშვილი გეიდრამის წინააღმდეგ