მთავარი»Slider»პატრიარქის შემოდგომა – რასაც ახლა ვწერ, ბევრს ჩააფიქრებს, ბევრს დაამწუხრებს, ბევრს ნაწყენს დატოვებს…

პატრიარქის შემოდგომა – რასაც ახლა ვწერ, ბევრს ჩააფიქრებს, ბევრს დაამწუხრებს, ბევრს ნაწყენს დატოვებს…

16
გაზიარებები
Pinterest Google+

“ეს პოსტი თითქმის 3 წლის წინ გამოვაქვეყნე… დღესაც მასში ნათქვამ ყოველ სიტყვას გავიმეორებდი!” – წერს ბესიკ ლაგვილავა და აქვეყნებს საინტერესო მოსაზრებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ვინც ნაკლებ იმედს ამყარებს ბედის წყალობაზე, ის
მეტ ხანს რჩება ხელისუფლებაში.
ნიკოლო მაკიაველი.
რასაც ახლა დავწერ, ბევრს ჩააფიქრებს, ბევრს დაამწუხრებს, ბევრსაც გააღიზიანებს, ბევრს ნაწყენს დატოვებს… მაგრამ ეს გაფრთხილებაა… ამიტომაც გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.
თუმცა… „როდრიგო ბორჯია ახლოსაც არ იყო არათუ წმინდანობასთან, უბრალო წესიერებასთანაც კი მაგრამ ეს თვისებები მისთვის არც არავის მოუთხოვია, როგორც რომის პაპობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი“, – მგონი დაახლოებით ასე მწარედ იხუმრა ვიღაც ჟამთააღმწერელმა, რომის ყველაზე გარყვნილი და სასტიკი პაპის (პაპობაში ალექსანდრე ბორჯას) შესახებ.
ალექსანდრე ბორჯა, შხამების გამოყენების დიდოსტატი, რომელიც ბეჭდის თვალით ჩხაპნიდა და მასში მოთავსებული შხამით კლავდა არასასურველ პირებს, რომელიც ჯერ საკუთარი დედისთვის შვილი იყო და მერე საყვარელი, საკუთარი ქალიშვილისთვის ჯერ მამაც და საყვარელიც, რომელმაც ასევე საკუთარ დაზე შუყვარებულ ვაჟიშვილთან ჩეზარესთან ერთად საკუთარი ქალიშვილის უკან დასაბრუნებლად მოკლა სიძე… რაღა გავაგრძელო… ულევია მისი „წმინდა საქმენი”… ბორჯა, რომელიც და ბოლოს თავად გახდა მის მიერვე სხვის მოსაწამლად გამზადებული საწამლავის მსხვერპლი … და ეს „ჯოჯოხეთის ბჭე“ – დემონი, 11 წელი მართავდა ვატიკანს!

ეს მარტო უბედური მღვდლის ბარგში აღმოჩენილმა საწამლავმა, როდი გამახსენა, რომელმაც გუშინ მთელი ქართული საზოგადოება ააფორიაქა.
დიდხანს ვიფიქრე გამომექვეყნებინა თუ არა მაგრამ 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი სისწრაფით განვითარებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა, რომ აზრის გამოხატვა და საზოგადოების გაფრთხილება საჭირო იყო.
უდიდესია, საქართველოს ეკლესიის ღვაწლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, ქართველი ერის ჯერ ფორმირების, მერე გადარჩენის საქმეში… ეკლესიის მოღვაწენი და ბერები არა მხოლოდ ლოცვას აღავლენდენ ქვეყნის გადარჩენისთვის, ხშირად აბჯარს აისხამდნენ და ხმლით ხელში იბრძოდნენ, უფლისა და ქვეყნისთვის წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დევიზით – „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!“
თუმცა, საქართველოს ეკლესიის ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როცა ეკლესიაში „ჯიჯოხეთის ბჭენი“ – ეშმაკნი ბატონობდნენ, როცა მეისტორიე და სადღაც ტყეში თუ „უდაბნოში“ ქვეყნის გადარჩენაზე მლოცველი, ჟამთააღმწერელი ბერი „ტყვეთა უწყალოდ მსყიდველს“ უწოდებდა ეკლესიის უპირველეს მამებს, კათალიკოსთა ჩათვლით, რომლებიც იმ დროინდელ მეფეებზე, მთავრებზე და თავად-აზნაურებზე და უბრალოდ შარა-გზის ყაჩაღებზე არანაკლები მასშტაბით იყვნენ ჩართული, ქართველ ტყვეთა და ყმათა სტამბულის ბაზარზე გაყიდვის უზნეო, ღვთის და რჯულის წინააღმდეგ მიმართულ, სამარცხვინო პროცესში.

ღმერთმა დიდხანს აცხოვროს პატრიარქი!
გერმანიიდან ცნობები სასიხარულო და დამაიმედებელია, მაგრამ – “პატრიარქის ცხოვრების დღენი დათვლილიაო” და მაკიაველის ეპიგრაფად აღებული გამონათქვამის არ იყოს, მხოლოდ ფორტუნის ღიმილს, უფლის წყალობის და შემთხვევას არ დაელოდნენ ისინი, ვისაც ეიმედება ილია მეორის მერე, თავზე პატრიარქის მიტრის დადგმა…
ვიღაცეები, რომელთაც მაკიაველი შესაძლოა არ წაუკითხავთ, მაგრამ მხოლოდ ფორტუნის იმედად არ არიან და ცდილობენ თავად “გამოჭედონ” საკუთარი ბედი! მიზანი კი, იგივე მაკიაველის არ იყოს, უმეტესად ამართლებს საშუალებებს!
უკვე დიდი ხანია ჩანს, საქართველოს ეკლესია გზაგასაყარზე დგას. და ამ გზაგასაყარის ტკეპნა, არც ამ დღეებში და არც ამ შემთხვევით არ დაწყებულა.
ამ სტატუსის გამოქვეყნება მაფიქრებინა იმ შესაძლო მწარე არჩევანმა, რომელმაც შესაძლოა „ჯოჯოხეთის ბჭეთა“ ხელში მოაქციოს ეკლესიის სადავეები და მერე წლობით ქრისტეს ნაცვლად, ეშმაკზე ალოცოს დაბნეული ქრისტიანული მრევლი.
ჩემს მიზანს არ წარმოადგენს, იმ შესაძლო (შესაძლო! არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს!! მათ შორის მათ ვინც ვითომ დიდად ღელავენ ეკლესიის მომავალზე და სინამდვილეში კი შესაძლოა ბოროტი დემონის დაკრულზე ცეკვავენ! ) პატრიარქის მოწამვლის ფაქტის ანალიზი… მე არც სათანადო ინფორმაცია გამაჩნია ამის შესახებ და არც გამომძიებელი ვარ…
უბრალოდ, მინდა ქართველმა მართმადიდებლებმა დაინახონ ის საფრთხეები, რომელიც არსებობს ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებით დატვირთულ დროში, რომლებიც ტვინებს ურეცხავენ ადამიანთა მასებს და რასაც შესაძლოა (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი) საპატრიარქო ტახტზე აიყვანოს… ეშმაკი!
მე საქართველოს პარლამენტში ორ- წელიწად-ნახევრის მეტი ხნის განმავლობაში ვიყავი იმ კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან, თავად პატრიარქთან და მაღალ საეკლესიო იერარქებთან, რომელთაგან ბევრს ჯერ კიდევ მაშინ განიხილავდნენ (ან თავად განიხილავდნენ საკუთარ თავს) „პატრიარქის მემკვიდრეებად“, მაგრამ „პატრიარქს ღმერთი იფარავს“ (ეს მეუფე იაკობის სიტყვებია!) და ის დღემდე რჩება ეკლესიის საჭეთპყრობლად.
თუმცა ეკლესიის წიაღშიც და გარშემოც არსებობენ ძალები, რომლებიც აუცილებლად მის გაკონტროლებას შეეცდებიან. ეს ძალები ცნობილია:
1. ხელისუფლება და პოლიტიკური დაჯგუფებები;
2. ბიზნეს-ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი ეკლესიაზე აქვთ აწყობილი;
3.სხვადასხვა გავლენიან ჯგუფებში გადანაწილებული მაღალი და საშუალო რგოლის მაგრამ გავლენიანი საეკლესიო იერარქები;
4. ქვეყნის გარედან მოქმედი ძალები, რომლებსაც აინტერესებთ კონტროლი ინსტიტუციაზე (მათთვის ეკლესია ინსტიტუციაა), რომელსაც საზოგადოების ყველაზე დიდი ნდობა აქვს;
5. და ბოლოს, ბოლოს ისინი, რომლებიც ხშირად შუაღამით და მის მერეც ანთებულ სანთლებთან დგანან და უბრალოდ ლოცულობენ… ლოცულობენ ჩემთვის, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, შენთვის ვინც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობ, ქართველთათვის, სამშობლოს გადარჩენის და გაბრწყინებისთვის!

1. ხელისუფლება და ეკლესია

ყველა დროში, ყველა ქვეყანაში , ყველა ასე თუ ისე გონიერ ხელისუფლებას, ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი ეკლესიის მიმართ.
წმინდა მეფემ დავითმა რუის-ურბნისის კრებით ეკლესიის დალაგებით დაიწყო ქვეყნის აღშენება.
თვით „უღმერთოთა“ ქვეყნის მშენებელთა ბელადმა სტალინმა, როცა გერმანელები მოსკოვს მოადგნენ, „ივერიის ღვთისმშობლის ხატის“ ფრონტის ხაზზე გადატარება ბრძანა .
ეკლესიის მიმართ დიდი იყო სახელმწიფოს ინტერესი, მაშინაც, როცა ილია მეორე აღსაყდრდა. მაშინაც დაუნდობელი ბრძოლა იყო გაჩაღებული, მსუბუქად რომ ვთქვათ ეკლესიის არც ისე მაღალი ზნეობით გამორჩეულ იერარქთა შორის, პატრიარქის მიტრის თავზე დასადგამად.
მაშინ ღმერთმა გადმოხედა საქართველოს, კომუნისტური ხელისუფლება და ამ ქვეყნის ყველაზე საშიში ორგანო „სუკ“-იც კი შეძრული იყო, იმ ძარცვა-გლეჯით, რომელიც ეკლესიაში სუფევდა. ილია მეორის, რომელიც სხვთა შორის, ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის განადგურების საფრთხის წინაშე მყოფი ქონების ინვენტარიზაციის კომისიას, პატრიარქად არჩევა ღვთის ნებაც იყო და საუკეთესო გამოსავალიც არსებული კრიზისული მდგომარეობიდან!
ლირიკული გადახვევა.
შვეიცარიაში ყოფნისას ერთ-ერთი უნივერსიტეტის ეზოში „ა ლა ფურშეტისას“, ერთმა შვეიცარიელმა პროფესორმა, რომელიც საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე იყო და ამასთან ერთად, ახალგაზრდობიდან მეგობრობდა საქართველოს პატრიარქთან (საქართველოს მხრიდან, სწორედ ილია მეორე იყო ამ საზოგადოების თავმჯდომარე) მომიყვა ამბავი, შვეიცარიაში დაბეჭდილი ბიბლიის შესახებ, რომლის საბჭოთა კავშირის საზღავრზე გადმოტანა ვერავინ გაბედა( საბჭოთა ხელისუფლებას აკრძალული ჰქონდა ბიბლიის ბეჭდვა და როცა თავად მე მოვინათლე, კარგად მახსოვს დაცრეცილი ბიბლია მღვდლის ხელში.) მაშინ პატრიარქი ახალგაზრდა საეკლესიო მოღვაწე იყო, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ მისიის განხორციელება.
ორი დიდი ჩემოდანი გავავსეთ ბიბლიით და ილიამ ის საბჭოთა კავშირში გადაიტანაო – მითხრა შვეიცარელმა პროფესორმა.
მაღალ მწვერვალებს, მათ შორის ეკლესიაშიც, აღწევენ ისინი, ვისაც ამისთვის ნიჭთან და განათლებასთან ერთად აქვთ უმნიშვნელოვანესი თვისება – გაბედულება! გაბედულება ჩვენი პატრიარქის ხასიათის ერთ-ერთი ნიშანია!
„პატრიარქის მემკვიდრეზე“ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო მსჯელობა და ხელისუფლება მაშინაც ფიქრობდა, მის მიმართ ლოიალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის შერჩევაზე. ხოლო ხელისუფლების აზრით პრობლემურ იერარქს, რომელსაც სავარაუდოდ, შესაძლო იყო გამოეხატა ამბიცია პატრიარქის მიტრის და სკიპტრის ტარებაზე, ხმას გაუვრცელებდნენ, რომ სწორედ მას განიხილავდნენ, „მემკვიდრედ“ და ასეთს თავად მოგუდავდნენ, მის წინააღმდეგ აღძრული საეკლესიო წრეების ინტრიგანები.
მე არ შევუდგები, იმ იერარქთა ჩამოთვლას, ვისზედაც ვრცელდებოდა მსგავსი ინფორმაცია. მათგან რამდენიმეს ვიცნობდი. ფაქტია, დღეს ამ კონტექსტში აღარც ერთზე აღარ ლაპარაკობენ!
სააკაშვილს ჰყავდა მისი ფავორიტები და საერთოდაც, სააკაშვილი ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს.
გადახვევა ლირიკის გარეშე:
ყვებიან, სააკშვილს ამბავი მიუტანეს, რომ შავნაბადელი ბერები ლოცვისას აღარ მოიხსენიებდნენ ხელისუფლებას და მის მმართველს. მიშამ , რომელსაც ძალიან უყვარდა „შავნაბადაზე გართობა“, და არანაკლებ საკუთარი თავის აღმაშენებელთან გატოლება, იქ ყოფნისას თავად გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გადამოწმება. ის დაესწრო საღამოს ლოცვას… ლოცვა გაგრძელდა… იღუმენი, არქიმანდრიტი შიო, ლოცვისას ჭირის ოფლს იწმენდდა თუ რა გამოსავალი მოენახა შექმნილი სიტუაციიდან. აღვირახსნილი პრეზიდენტის მოხსენიებას, ბერთა შორის, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ მიშას გარყვნილების შესახებ, მისი ავტორიტეტის დაცემა მოყვებოდა… არ მოხსენიებას, პრეზიდენტის სრულიად უკონტროლო რისხვა… და აჰა, დადგა ის მომენტიც, როცა უნდა ეხსენებინა „მთავრობა და მხედრობა“ და მან… გაბედა აღარ და ახსენა “მიშა”! მიშას ეწყინა და ახმაურდა. „ჩუმად! ნუ ხმაურობთ ტაძარში!“ – დაუძახა უკნიდან ერთმა ჩემმა ყოფილმა კოლეგა-დეპუტატმა. მიშა გაჩუმდა. მოიღრუბლა. ერთი-ორი მიმოიხედა და ტაძრიდან გავიდა.
მიშას სურდა ეკლესიის იერარქთა კეთილგანწყობის მიოპოვება და ერთხელაც ადგა და ჯიპები ჩამოურიგა მათ. ერთად ორი კურღელი იქნა დაჭერილი: ერთის მხრივ მოპოვებულ იქნა კეთილგანწყობა, მეორეს მხრივ ხალხმა დაიწყო ლაპარაკი „ჯიპიან მღვდლებზე“, ანუ ჩრდილი მიადგა ხალხისთვის ყველაზე სანდო „ინსტიტუციას“! განსაკუთრებულ პატივს მიშა, საკუთარ ფავორიტებს, მათ შორის კოლორიტულ, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, რომელიც თავადაც აღმაშენებლს ადარებდა ხანდახან ზედმეტად ენერგიულ პრეზიდენტს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. სხვებს არ ჩამოვთვლი…
პატრიარქის სკამს ბევრს აზომებდნენ, მაგრამ პატრიარქის დღეგრძელობამ, ისევ ჩაუშალა ბევრს გეგმა… არ ვიცი, რამდენად რეალურია, მაგრამ მაშინც ვრცელდებოდა ინფორმაციები ( ვიმეორებ – მსგავსი ინფორმაციების ჭეშმარიტება ათას ფილტრში უნდა გაატარო), პატრიარქის მოწამვლის საშიშროების შესახებ.
არც დღევანდელ ხელისუფლებაა „გულგრილი“ ეკლესიის მიმართ. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აშკარად თქვა – ათეისტი ვარ და არც სიკვდილის მერე ცხოვრების მჯერაო, რა თქმა უნდა ისიც და მისი “მემკვიდრენიც” განუწყვეტლივ ფიქრობენ, რაიმე ისეთი პროცესი არ განვითარდეს ეკლესიაში, რომელიც ხელისუფლების მიმართ არალოიალურ პირს მოიყვანს ეკლესიის უპირველეს იერარქად – პატრიარქის შემცვლელად!
ისედაც, მცირე სახალხო ნდობის მქონე ხელისუფლებისთვის ეს შესაძლოა უმძიმეს დარტყმად იქცეს! ამიტომაც ნაკლებად მიკვირს, ის პროცესები, რაც ამ დღეებში საქართველოში ვითარდება, არც გერმანიაში სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი გამკვირვებია… უსაფრთხოების გარდა, კიდევ ალბათ სხვა სიტუაციაც იყო გასაკონტროლებელი, მოვლენათა ცუდად განვითარების შემთხვევაში(ღმერთმა დაგვიფაროს!), არ მომხდარიყო რაიმე ისეთი, რაც ხელისუფლებისთვის გაუთვალისწინებელ და არასასურველ შედეგს მოიტანდა…
ვერც გავამტყუნებ! აკი ვთქვი კიდეც! რელიგიური სფეროს კონტროლს ხელისუფალნი ცდილობდნენ ყველგან და ყოველთვის!
… და არის წესიერება ხელისუფლებისთვის პატრიარქობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი?!
მგონი ყველა ხელისუფალისთვის, მათ შორის გამონაკლისი არც დღევანდელია, წესიერება კი არა, მის მიმართ ლოიალაობაა პატრიარქის ასარჩევად უმთავრესი კრიტერიუმი!

2. საეკლესიო და ეკლესიასთან დაკავშირებული ბიზნესი.

1995 წლის იანვრის თვეში ფოთში ჩემი სამსახურის შეიარაღებულ თანამშრომლებთან ერთად ჩავედი. ფოთში ჩამოსული იყო 3000 ტონიანი ტანკერი, ბენზინით და ამ 3000 ტონიდან 2000 ტონა ეკუთვნოდა ორგანიზაციას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. „შსს განვითარების ფონდს“, რომელმაც იმ პერიოდში საკმაო წვლილი შეიტანა პოლიციის საწვავით, და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის და შსს სპეცრაზმის (გულუას ბატალიონი, რომელმაც იმავე წლის აგვისტოს თვეში ტერაქტის მერე, უზრუნველყო ქვეყანაში სტაბილურობა) შექმნის და დაფინანსების საქმეში. შეგახსენებთ, რომ ეს იყო კუპონების ეპოქა და ბიუჯეტიდან შსს-ს მთლიანი დაფინანსება საქართველოს მასშტაბით პოლიცილებზე ხელფასი საერთოდ რომ არ გაცემულიყო, ერთი სპეც. ჯგუფის აღჭურვასაც კი, ძნელად მოახერხებდა!
„შსს განვითარების ფონდი“ იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც საწვავი შემოჰქონდა და მაშინ დაწესებულ 10%-იან ნატურალურ გადასახადს იხდიდა და შევარდნაძის შესაბამისი ბრძანებისამებრ აბარებდა შსს-ს. სხვა ნავთობ-პროდუქტების შემომტანები „მხედრიონი“, გვარდია და ა.შ. არაფერსაც არ იხდიდნენ… და ვერც ვერავინ აიძულებდა გადაეხადათ! საწვავის იმპორტიორთა შორის იყო ძალიან „საინტერესო“ „საქვემომქმედო“ ორგანიზაციებიც, რომლებიც საპატრიარქოს სახელით მოქმედებდნენ!
როცა პორტში მესაზღვრემ გემზე საზღვარი გახსნა, ჩემს თანმხლებ ორ თანამშრომელთან და ჩემს აგენტთან ერთად, რომელიც დღეს ერთ-ერთი წარმატებული სატრანსპორტო კომპანიის მეპატრონეა, გემზე ავედი. დანარჩენები, ნაპირზე საყარაულოდ დარჩნენ.
სახიფათო დრო იყო! კაცის სიცოცხლე ზუსტად ერთ ტყვიად ფასობდა.
გემის სერბმა კაპიტანმა, რომელიც გასაგებად ლაპარაკობდა რუსულად, კაიუტ-კომპანიაში ვისკის დასალევად დამპატიჟა. გარეთ ისეთი ნესტიანი, მსუსხავი სიცივე იყო, რომ სიამოვნებით დავთანხმდი. სმისას ვიკითხე თუ ვისი ტვირთი იყო, ათასი ტონა საწვავი, რომელიც გემში ჩვენს საწვავთან ერთად ესხა. „საპატრიარქო“- მიპასუხა კაპიტანმა. ტვირთი „ საპატრიარქოს საქვემოქმედო ფონდს“ ეკუთვნოდა. კიდევ ჭიქა დავლიეთ და გაკვირვებულმა ვკითხე, რატომ არ იცლება გემი ფოთში, სად უნდა წავიდეს მეთქი 1000 ტონა საწვავი. კაპიტანმა მორცხვად გაიღიმა და მითხრა, რომ საწვავი ნოვოროსიიკში მიდიოდა. გამიკვირდა! რა უნდა რუმინულ საწვავს ნოვოროსიიკში?! იქ ხომ, ბენზინი რუმინულზე მინიმუმ ორჯერ იაფი ღირდა?! უცებ ყველაფერს მივხვდი! საწვავი სოხუმში მიდიოდა! ხუმრობ, ალბათ-მეთქი, ვუთხარი სიცილით კაპიტანს! რუსებს რად უნდათ რუმინული საწვავი?! სად მიდის-მეთქი, – ისევ გავუმეორე კითხვა და კაპიტანმა, რომელმაც მიიჩნია, რომ მე საქმის კურსში ვიყავი, გულღიად და სიცილით მითხრა -“სუხუმი!“
წარმოიდგინეთ ის პერიოდი! აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო. ხალხი ჯერ კიდევ ეძებდა დაკარგულ ახლლობლებს და თუკი პოულობდა, უმეტესად მკვდარს… და მერე იყო ტირილი და ურვა… ქვეყანაში ბანდები დათარეშობდნენ და ცოტა იყო იმედი, რომ ოდესმე ამ ქვეყნიდან რამე გამოვიდოდა… ერთი სიტყვით, “ქვეყანა იწვოდა” და საპატრიარქოს საფარქვეშ ვიღაცას სარფიანი საწვავის ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული … სოხუმთან!
„ეს საწვავი სოხუმში ვერ წავა!“ – ვუთხარი კაპიტანს და ერთი თანმხლები სასწრაფოდ თანამშრომელი გავუშვი, რომ პოლიციაში გადაეცა ინფორმაცია და გამოეშვათ ჯგუფი გემის დასაკავებლად! ამ ამბიდან თხუთმეტ წუთში სოხუმში გასაყიდი საწვავის პატრონი, საპატრიარქოს საქველომქმედო ფონდის ხელმძღვანელიც გამოჩნდა.
„თქვენ წაიღეთ! – ფულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი, დამპალი კაცის უსიამოვნო თვალების მზერა მომაბჯინა. ეს ტიპი მეზიზღებოდა, – წაიღეთ და თავი ფული ორ კვირაში… თუნდაც ერთ თვეში გადამიხადეთ! მოგება თქვენი იყოს! ოღონდ, ეს ყველაფერი აქედან არ გავიდეს! თქვენს ბიჭებსაც მე ვცემ პატივს! “ – მითხრა, როცა მიხვდა, რომ მისი წინადადებით ვერ მოვიხიბლე.
უარი ვუთხარი! თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოში საწვავის დეფიციტი გაჩნდა და ფასებმა კატასტროფულად აიწია. ეს წინადადება კი, მინიმუმ ორას ათას დოლარიან მოგებას მიქადდა!
პოლიციას მოსვლა უშიშროების სპეც. ჯგუფმა დაასწრო, რომელიც იმ პერიოდში, ვითომ პორტის უსაფრთხოების დასაცავად, სინამდვილეში ბიზნესზე კონტროლის დამყარების მიზნით, ფოთის პორტში ეყენა იგორ გიორგაძეს!. მერე მივხვდი, ჩემმა პორტის აგენტმა, რომელიც თავიდან თავადაც ძალიან დაინტერესებული იყო წამეღო ეს კონტრაბანდული საწვავი და ორი კაპიკი თუ ცოტა მეტი მიმეგდო მისთვის, ჩემი უარის მერე, გემიდან ინციდენტის შესახებ, რაციით შეატყობინა უშიშროებას.
ტვირთი სოხუმში არ წავიდა. გიორგაძემ წაიღო და როგორც მერე გავიგე დამატებით 100 000 დოლარი (ეს დღევანდელი მინიმუმ მილიონია!) „აახია“ „საპატრიარქოს სახელით ქველმოქმედს“ !
ეს საპატრიქროსთან დაკავშირებული „ქველმოქმედები“, დღესაც არსად წასულან ან დაფანტულან. ისინი, დღესაც იქ არიან! იქ! იქ სადაც მათი “კარმუშკაა!“ აბა, სცადეთ და მათი ნებართვის გარეშე დაამზადეთ სანთელი, დაუკვეთეთ ტაძრის პროექტი, ჩამოასხით ზარი, ააშენეთ ტაძარი… ერთმა ჩემმე ახლობელმა მამაომ, რომელსაც ბევრი შვილი (ღმერთმა გაუზარდოს) და მათზე ბევრად მეტი ფუტკრის სკა ჰყავს, ფიჭისგან სანთლები გააკეთა და მათი იმ ტაძარში გაყიდვის უფლების მისაღებად, სადაც თავად მსახურობს, დიდხანს იწვალა… ეს ერთხელ გეპატიოს, მეორედ აღარ გაბედოო – გააფრთხილეს! ტაძრებში კი ხელებს გისველებს მეტი მოგების მიღების მიზნით ფიჭისგან კი არა, როგორც მითხრეს „გერაზინისგან“ გაკეთებული სანთელი! საეკლესიო მიწები, შენობები… როგორც იმ “ქველმოქმედის” სოხუმში გაყიდული ბენზინის ფული შევიდოდა ეკლესიის სალაროში – საღვთო საქმის საკეთებლად, ისე შედის „ქველმოქმედთა“ მიერ ეკლესიის ქონების ექსპლოატაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან რაიმე, თავად საპატრიარქოს!
ის „ქველმოქმედი“ ტიპი კი, სამების ტაძარში შემხვდა… გაჭაღარავებულა, გასიებულა… თვალები ერთმანეთს შეხვდა. ან ვერ მიცნო, ან მიცნო და თვალი ამარიდა… მეც მისალმებით არ მომიკლავს თავი…
ფულს და ე.ი. ამ ხალხს დიდი გავლენა აქვს და იმ ერთი პორტში მომხდარი მაგალითით ხომ აგიხსენით, ფულის მოსახვეჭად რისი მკისრებელნი არიან, მსგავსი ადამიანები! თუმც, ამ მწარე მაგალითის გარეშეც ყველას გაგონილი გვქონდა, “რისი” განათების უნარიც გააჩნია ფულს…
არის ეს გავლენიანი ხალხი დაინტერესებული ეკლესიაში წესრიგით და პრინციპული მმართველობით?! არის მათთვის წესიერება კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია პატრიარქობისთვის?!
მე მგონი… მოდი, თქვენ გკითხავთ – თქვენ როგორ გგონიათ?

3. საეკლესიო იერარქები
„ ტრაკები!“ – ლოცვის მერე ქადაგებისას, ფიქრებში წასულს ყური მომჭრა ჩემთვის აქამდე უცნობი, მღვდლის სიტყვებმა უძველესი და საკათედრო ტაძრის სიონის ამბიონიდან!
ეს მოძღვარი თავიდანვე არ მომეწონა, რაღაც ძალიან ხშირად იწმენდდა შუბლიდან ოფლს, თუმცა არც ზაფხული იყო და საკმაოდაც გრილოდა.
შეურაცხმყოფელი სიტყვა, მაშინდელ ხელისუფალთა, კერძოდ მიშა სააკაშვილის და მისი გუნდის მისამართით იყო ნასროლი. მიხედავად იმისა, რომ მეც გულში ხშირად ასე ვაფასებდი, სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას, მაინც სიონის ამბიონიდან ამის მოსმენა მეხამუშა. საინტერესო სიტყვა “მეხამუშა”; იმასაც ნიშნავს სხვის მაგივრად, შენ რომ გრცხვენია და წითლდები!
მე შენიშვნა არ მიმიცია “ენატკბილი” მოძღვრისთვის მაგრამ ვიღაც ქალმა იუკადრისა, როგორ შეიძლება მამაო, ამბიონიდან ასეთი საუბარიო! ამბიონიდან საპასუხოდ ისევ გაისმა, – „ტრაკები! ტრაკები არიან! რა, არ არიან?! თავი უნდა მოვიტყუოთ?!“
მე მისგან მირონი არ მიცხია… როგორც ყოველი ადამიანი, მეც ცოდვილი ვარ და ტაძარში კიდევ ერთის დამატებისგან, “ეშმაკეულით” შეპყრობილის მიერ მირონცხებისგან თავი შევიკავე! თუმცა, ქადაგების დამთავრებას დაველოდე და გამოველაპარაკე. მაინტერესებდა ვინ იყო, საიდან აღმოჩნდა სიონის ამბიონზე…
ყოფილი „მხედრიონელი“ გამოდგა, გრილ ამინდში ოფლიანობა კი – ნარკომანისთვის დამახასიათებელი… სხვათა შორის, თქვა, დღეს ვინანიებ – ზვიადის რომ ვესროდიო!
საიდან მოხვდა ეს კაცი ეკლესიაში? მხოლოდ ეკლესიაში? საიდან მიიღო დანიშვნა ტაძართა შორის ერთ-ერთ უწმინდესში და უმთავრესში? !
ჩემს ტაძრის ბაღში, მამა რევაზისთან ერთად სკამზე ვიჯექი და ეკლესიაში გასაკეთებელ საქმეებზე ვსაუბრობდით. მგონი ჯვრების დადგმის კურთხევა ვთხოვე ტაძარზე და სამრეკლოზე ან ხის კანკელის ნაცვლად ქვის კანკელის დადგმაზე ვსაუბრობდით. ამ დროს ჩვენს ტაძარში ახლად განწესებული მღვდელი მომესალმა. მეც მივესალმე. ცოტა ხანს ჩვენ საუბარს ყურს უგდებდა. მერე ეტყობა, მოსაწყენად მიიჩნია და წავიდა.
– ბესო, წილს მთხოვს და გამოცდილი კაცი ხარ და გამარკვიე, რის წილს მთხოვსო, – ნახევრად ხუმრობით მკითხა მამაომ, – უნდა ვთხოვო, სხვა მღვდელი გამოუშვან. ეს სახელს გაგვიტეხსო.
ჩვენი ტაძარი ცნობილია იმით, რომ აქ მსახურებას ფასი არ ადევს… არავინ გეტყვის, რომ ჯვრისწერას ეს ღირებულება აქვს ან ნათლობას ამდენი… თუ რაიმეს შეწირვა გსურს, შეგიძლია, იქვე ტაძარში ჩამოკიდებულ ყუთში ჩააგდო… არავინ გიყურებს ოც თეთრს შეწირავ თუ ას ლარს თუ საერთოდ არაფერს. არც ოცი თეთრის შემწირველზე მეტ მადლობას გეტყვის ვინმე, ასი ლარის შეწირვისთვის! ტაძარს კი მამაოს ხელმძღვანელობით, მრევლი ალამაზებს!
როცა ერთ მეუფესთან საუბრისას, მან ძალიან ძვირად ღირებული საათით წაიტრაბახა, და მერეც იმავ სტილში გააგრძელა, მივხვდი, ის მატერიალურზე ბევრად მეტს ფიქრობდა ვიდრე სულიერზე…
საიდან მოდის ეკლესიაში ეს ხალხი? რა დამსახურების გამო იქცევიან მაღალ საეკლესიო იერარქებად ისინი, ვისაც წვერ ულვაში გუშინ ამოუვიდათ?!
ძნელია ასეთ მღვდელმსახურებს მოსთხოვო თუნდაც ელემენტარული – „იმარხულონ მარხვის დროს!“ სხვა უფრო მნიშვნელოვანზე აღარც გავაგრძელებ.
არის ასეთი „საეკლესიო მოღვაწეებისთვის“ წესიერება პატრიარქობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი?! უფრო მეტიც სურთ კი მათ, ისეთი პატრიარქის ხილვა, ვინც „მარხვის დროს მარხულობას“ მოსთხოვს?!
ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ძალიან გულსატკენია…

4. გარე ინტერესები.
ერთი ათეული წლის წინ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და პრეზიდენტ კარტერის დროს სახელმწიფო მდივანმა ბჟეზინსკიმ მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ერთ-ერთ მოწინააღმდეგედ დასახელა და მისი გავლენის შესუსტება კი არა დანგრევა, ამერიკის ინტერესად. ვფიქრობ, ასეთი აგრესია იშვიათობაა პოლიტიკოსთა წრეებში, მაგრამ შორს ვდგავარ იმ აზრისგანაც, რომ ბჟეზინსკი ეულია და ასე სხვა არ ფიქრობს… ეს რა თქმა უნდა, საფრთხეა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ქართულ ეკლესიას, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, მაინც დიდი ნდობა აქვს და ხშირად რთული ხდება, სხვადასხვა ჩვენი ეკლესიისთვის და ტრადიციული ღირებულებებისთვის შეუსაბამო ღონისძიებათა გატარება. ამიტომაც ის ხშირად ხდება ე.წ. „პროდასავლურ“ „ულტრა-ლიბერალური“ ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი.
მგონი არც ამათ აწყობთ ეკლესია, როგორც მაღალი ნდობის მატარებელი ინსტიტუცია და მათთვისაც წმინდანობა და წესიერება ვერ იქნება პატრიარქობის კრიტერიუმი.
ბოლოს, ისევ გავიმეორებ, „როდრიგო ბორჯია შორს იყო არათუ წმინდანობისგან, უბრალო წესიერებისგან მაგრამ ეს პირობა მისთვის არც არავის მოუთხოვია, რომის პაპობისთვის აუცილებელ კრიტერიუმად“, – როგორც მახსოვს, ასეთი მწარე ირონია ჩააქსოვა თავის ნაწერში ვიღაც ჟამთააღმწერელმა, რომის ყველაზე გარყვნილი და სასტიკი პაპის (პაპობაში ალექსანდრე ბორჯას) შესახებ.
სწორედ ისეთი, როგორიც იყო ანუ გარყვნილი, უზნეო და უღმერთო, ის მისაღები იყო, მის თანამედროვე მაღალი ზნეობით თავადაც ვერ გამორჩეულ საეკლესიო წრეებისთვის და უზნეო ხელისუფალთათვის… ამიტომ იქცა როდრიგო – ალექსანდრედ და რომის პაპად…

P.S. გგონიათ ისინი დამავიწყდა, ვინც დღისით და ღამით ლოცულობენ?! რისთვის?! ვისთვის?!

5. ჩვენთვის მლოცველნი!

გუშინ საინფორმაციო გადაცემას ერთ ჩემს ახლობელ ადამიანთან ერთად ვუყურებდი. გენ.პროკურორის გამოსვლა, მერე „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული მამა გიორგის წერილი…
ჩემს გვერდით მჯდომს არ დაუსვამს, უკვე ქართველთათვის დამახასიათებლად ქცეული კითხვა – „გვეშველება, რამე?“
მან უბრალოდ და გადაწყვეტილად თქვა – „ჩვენი საშველი არ იქნება!“
მის პესიმიზმს უამრავი საფუძველი აქვს, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა – ჩვენი საშველი იქნება!!
გუშინ ჟურნალისტები საპატრიარქოს შენობაში შემავალ სასულიერო პირებს პირში სჩრიდნენ მიკროფონს და ეკითხებოდნენ თუ რა იცოდნენ პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესახებ. ვინ რას ამბობდა, ვინ რას…
ერთმა სასულიერიო პირმა, გახუნებული კაბით და ტალახიანი ფეხსაცმელებით ჩამოიარა და პატრიარქის რეზიდენციისკენ გაემართა. ღარიბულ ჩაცმულობაზე ეტყობოდა, ბერი იყო. მასაც ჩასჩარეს პირში მიკროფონი და კითხეს, რა იცოდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით. მან ალალი გულით გაიცინა, – „რა უნდა ვიცოდე?! ვერ ხედავთ, ახლა გამოვედი ტყიდან!“
სამი მხრიდან კლდით და მთით შემოსაზღვრულ შიო მღვიმის მონასტრის შესასვლელთან ერთი პატარა ღია სადარაჯო-სამლოცველო დგას… ამ მხრიდან ტაძარი გადაჰყურებს სოფელს და ქვეყანას… სხვა მხრიდან, მთის ფერდობის და მაღლა ცის გარდა არაფერი ჩანს. ამ სადარაჯო-სამლოცველოში მუდამ დგას ერთი ბერი და ლოცულობს… ლოცულობს ჩემთვის, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ლოცულობს შენთვის, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობ, ლოცულობს ქართველთათის, როცა ისინი სცოდავენ ან კეთილს თესენ და ლოცულობს ქვეყნის გადარჩენისთვის…
სანამ შიო-მღვიმელის ტაძარში, ან სხვაგან ტყეში თუ უდაბნოში იქნება თუნდაც ერთი ბერი, ვინც იქ ტყეში და უდაბნოში ლოცულობს ჩემთვის, შენთვის, ცოდვილ და უცოდველ ქართველთათვის, ამ ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის, ქვეყანასაც ეშველება და ეკლესიასაც…
აი, სწორედ იმ მოდარაჯე ბერისთვის და იმ ტყიდან საპატრიარქოს რეზიდენციაში ალბათ დახმარების სათხოვნელად მისული კაბა-გახუნებული ბერისთვის არის წესიერება და მეტიც წმინდა ცხოვრება კრიტერიუმი, რომლის მატარებელიც აუცილებლად უნდა იყოს პატრიარქი…
დღეს ასეთი გვყავს! ღმერთმა გვიდღეგრძელოს!

P.P.S. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად ჰყოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ამასთან ჩემი ანდრიას ნათლია ილია მეორე (ერთხელ მივუყვანე დასალოცად. ანდრიას ჩემს ხელში ეძინა. პატრიარქი მიეფერა, „ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლული ანდრია და მისი ოჯახიოო“, გაიღიმა.
ამ სტატუსის დაწერას ერთი მიზანი ჰქონდა… გაფრთხილება! სამწუხაროდ, ქართველი ხალხი ხშირად ცდება… მხოლოდ უახლოესი ისტორიის განმავლობაში, იმდენი უსერიოზულესი, ისტორიული შეცდომები დავუშვით, რომ ჩამოვთვალოთ თითები არ გვეყოფა…
მიკვირს კიდეც, როგორ გადავრჩით! ღმერთი გვიფარავს! მაგრამ… ფრთხილად ვიყოთ! ფრთხილად, ამ არეულობაში და ერთურთის ლანძღვა-გინებაში, პატრიარქის ტახტზე არ წამოგვიკუსპდეს – ეშმაკი! ეს კი, როგორც დავინახეთ, ბევრს აწყობს”….

წინა პოსტი

"ეკლესიას ერთი კი არა, ასი პეტრე ცაავა რომ განუდგეს, ეკლესიად დარჩება!"

შემდეგი პოსტი

"რომ შემეძლოს ფეხის თითებს დაგიკოცნით, იმ სიმამაცისთვის რომელიც თქვენ გამოიჩინეთ"