მთავარი»საზოგადოება»ოჯახური წყვილები, რომლებიც ქართულ ხელოვნებას ქმნიდნენ

ოჯახური წყვილები, რომლებიც ქართულ ხელოვნებას ქმნიდნენ

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ისინი ერთმანეთს ხელოვნებამ შეახვედრა და სიცოცხლის ბოლომდე ხელოვნებას ემსახურებოდნენ. ამ წყვილებმა ქართულ კულტურას თავიანთი, განუმეორებელი კვალი დაატყვეს…

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია-ის სურათის შედეგი
ვერიკო ანჯაფარიძე ტრაგიკულად დაღუპული მეგობრის ნატო ვაჩნაძის უმცროს შვილზე, 14 წლის გიორგი შენგელაიაზე შვილივით ზრუნავდა. ამ დროს სოფიკოც 14 წლის იყო. თავიდან ვერც შენიშნეს, როგორ გადაიზარდა მათი მეგობრობა სიყვარულში. სოფიკო მოსკოვის კინოს ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როცა გიორგის ცოლად გაჰყვა. 1958 წელს პირველი ვაჟი – ნიკოლოზი შეეძინათ, ოთხი წლის შემდეგ კი მეორე – ალექსანდრე. წლების შემდეგ, წყვილის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და სოფიკოს ცხოვრებაში მეორე დიდი სიყვარული – კოტე მახარაძე გამოჩნდა. „მე და გიორგი ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი დავდიოდით კინოში, მეგობრებთან, სტუმრად. 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. უბედნიერესი ვიყავი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ… პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი“.

ოთარ კობერიძე და ლია ელიავა

ოთარ კობერიძე და ლია ელიავა-ის სურათის შედეგი

მათ ერთმანეთი „ბაში-აჩუკის“ გადაღებებზე გაიცნო. „მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა“. – გაიხსენებს მოგვიანებით კობერიძე. მსახიობს ტყუპი დების როლის შემსრულებელი თავდავიწყებით შეუყვარდა, მაგრამ ამ დროს დაოჯახებული გახლდათ. ბევრი მათ ურთიერთობას მიუღებლად მიიჩნევდა, მაგრამ, მითქმა-მოთქმის მიუხედავად, წყვილი მაინც დაქორწინდა.

არიადნა შენგელაია და ელდარ შენგელაია

არიადნა შენგელაია და ელდარ შენგელაია-ის სურათის შედეგი
საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი არიადნა შენგელაია (შპრინკი) ტაშკენტში დაიბადა. მომავალი მეუღლე, ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნო და საქართველოში გამოჰყვა. 1960 წლიდან მსახიობი კინოსტუდია „ქართულ ფილმშია“. 1980 წელს, 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, არიადნა შენგელაია და ელდარ შენგელაია დაშორდნენ. არიადნა რუსეთში დაბრუნდა და მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში დაიწყო მსახიობად მუშაობა. მსახიობი გადაღებულია 50-მდე მხატვრულ ფილმში, მათ შორის ცხრა ქართული ფილმია. ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს არიადნას მარგალიტა, ელდარ შენგელაიას 1973 წელს გადაღებული ფილმიდან „შერეკილები“.
სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი

სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი-ის სურათის შედეგი
სესილია მომავალ მეუღლეს აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლის დროს შეხვდა. სტუდიის შემდეგ სესილიასა და ვასოს ურთიერთობა რუსთაველის თეატრში გაგრძელდა. წყვილი მალე დაქორწინდა და ვაჟიც შეეძინა, მაგრამ სიმპათიური ვასო ლამაზი ქალების მოტრფიალე აღმოჩნდა. ერთგული ბუნების სესილიამ ღალატის პატიება ვერ შეძლო, რაც ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მიზეზი გახდა.
სესილიასთან განქორწინების შემდეგ, ვასო გოძიაშვილი კიდევ რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული. სესილია კი აღარასოდეს გათხოვილა და ერთადერთი შვილი მარტომ აღზარდა. მსახიობის პატიოსნებაზე, ზნეობრივ სისპეტაკესა და გულწრფელობაზე თბილისში ლეგენდები დადიოდა.

მედეა ჯაფარიძე და რევაზ თაბუკაშვილი

მედეა ჯაფარიძე და რევაზ თაბუკაშვილი-ის სურათის შედეგი

თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ერთმანეთი 1947 წელს, მოსკოვში გაიცნეს, როცა პირველი მეუღლის გრიშა კოსტავას დაჭერითა და გადასახლებით განადგურებული მედეა სწავლისა და ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას ცდილობდა. მოსკოვში სწავლის პერიოდს დედის ავადმყოფობა დაემთხვა და მედეა იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო. „ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია. საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება. ისეთი გრძნობაა, თითქოს გაქანებული ვაგონიდან გადმოგაგდეს, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება. მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახვედრა შენთან, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები. რა ვქნა, ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე“. – წერდა 1948 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში რეზო მედეას. მარტო დარჩენილმა რეზომ რუსეთში დიდხანს ვერ გაძლო და თბილისში დაბრუნდა. 1949 წელს წყვილმა იქორწინა და მალე ვაჟი – ლაშა შეეძინა. მწერალმა და დრამატურგმა ფილმის „მზე შემოდგომისა“ სცენარი სწორედ მეუღლისთვის – მედეა ჯაფარიძისთვის შექმნა. „მზე შემოდგომისა“ რეზოსა და მედეას ცხოვრების ანარეკლია და ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიული ფილმია. ზოგიერთი ამბავი მათ ზუსტად გადახდათ თავს, მაგალითად, ჩხუბისა და პურის საცხობის სცენა რეალური ისტორიიდან არის“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი.

გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი

გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი-ის სურათის შედეგი

ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მკაცრი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მხიარულმა გოგონამ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს და განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, შესანიშნავად გაუგეს. როცა დაქორწინდნენ, გურანდა წლის იყო, ოთარი კი მასზე ორი წლით უფროსი. ამ დღის შემდეგ ისინი ყველგან და ყოველთვის ერთად იყვნენ. ბინა მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს დაიდეს და რეპეტიციებსა თუ სპექტაკლებზე ხელკავით მიდიოდნენ. „საზღვარგარეთ მის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ, არც ის. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსად დავდიოდით. ერთადერთი „განვედში“ რომ ითამაშა, მაშინ იყო გარკვეულ ხანს მარტო. ბოლო წლებში ხომ საერთოდ, ერთმანეთის გარეშე არსად წავსულვართ. მე მას „ფასკო“ დავარქვი და ისიც ასე მეძახდა… ალბათ, ეს ხმა სულ მომეჩვენება. სულ ველოდები, მაგრამ იქიდან არავინ ბრუნდება. მე კი მაინც ვზივარ და ველოდები… იცით, ყველაზე მეტად გული რაზე მწყდება?! ლუდმილა გურჩენკომ სიკვდილის წინ თქვა, უნდა მოასწრო და ქმარს უთხრა, რომ ის დედამიწაზე ყველაზე მეტად გიყვარსო… მე კი… ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ოთარისთვის“. – აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში გურანდა გაბუნიამ. ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს გარდაიცვალა. დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესმა და გურანდა გაბუნიამ წლები გაატარეს და უამრავი სასცენო სახე შექმნეს, მათი სახელობის ვარსკვლავებია.

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილ-ის სურათის შედეგი
მათი სიყვარული ლეგენდად იქცა. არადა, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. კახიმ ბელას პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში მოჰკრა თვალი და იმ დღიდან მოსვენება დაკარგა. ამ დროს ბელა მეუღლესთან – იუზა ხუსკივაძესთან დაშორებული იყო და ნანუკა ჰყავდა, მაგრამ კახის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ხუთი თვის ფეხმძიმე ბელას ვირუსი შეხვდა და „ჭინჭრაქაში“ თამაში 40-გრადუსიანი სიცხით მოუწია. ნაყოფი რომ არ დაეზიანებინა, ანტიბიოტიკების მიღებაზე უარი განაცხადა, რასაც დაავადების გართულება და ფილტვების ანთება მოჰყვა. დაავადება სწრაფად ვითარდებოდა. ბელა სცენას ჩამოშორდა და ლოგინს მიეჯაჭვა. კახი და ბელა 23 წელიწადი ერთად ებრძოდნენ სენს… მსახიობი მეუღლეს ყოველდღიურად 10-15 ნემსს უკეთებდა და თავზე ევლებოდა, მაგრამ გარდაუვალის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
ავადმყოფობის პერიოდში ბელა მეუღლეს გამუდმებით უმეორებდა – შენი გზა მოძებნე, ცოლი შეირთე, მე აღარაფერი მეშველებაო, კახი კი ხუმრობით პასუხობდა – მაინც ვერ მომიცილებ თავიდანო… ბელა მირიანაშვილი 1992 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა. კახი კავსაძემ ცოლს თხოვნა ვერ შეუსრულა და სხვა ქალთან ცხოვრებას, მარტოობა არჩია. ის დღემდე იმ საოცარი სიყვარულის მოგონებებით საზრდოობს, რომელსაც ბელა მირიანაშვილმა აზიარა.

გოგი გეგეჭკორი და ნათელა ურუშაძე

გოგი გეგეჭკორი და ნათელა ურუშაძე-ის სურათის შედეგი
ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს და 1953 წლის მარტში დაქორწინდნენ. ეს ის დროა, როცა სტალინი ახალი გარდაცვლილია, ამიტომ ქორწილის გადახდას მოერიდნენ და მხოლოდ ხელი მოაწერეს. ამის მიუხედავად, თეატრალურ ინსტიტუტში საჩივრის წერილი მივიდა, სადაც ეწერა, საბჭოთა კავშირი ბელადის გარდაცვალებას გლოვობს და ამ დროს, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო. ინსტიტუტის დაბნეულ პრორექტორს ნათელამ უთხრა: მისწერეთ ამ ადამიანს, თუ მმაჩის ბიურო გლოვის დღეებში მუშაობდა, ე.ი. ხელის მოწერაც შეიძლებოდაო… თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე გიორგი გეგეჭკორისთვის მხოლოდ მეუღლე არ ყოფილა, მისი სულიერი მეგობარიც იყო, რომელსაც მსახიობი არაფერს უმალავდა. როდესაც დავქორწინდით, იგი თამაშობდა ბარათაშვილს და მე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ გავყევი რომანტიკული სულის პოეტს, მაგრამ გამოხდა ხანი და ეს პოეტი გადაიქცა მეგრულ მგლად „ჭინჭრაქაში“. აქ ერთი შევცბი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რა მელოდა. ცოტა ხნის შემდეგ იმავე სცენაზე დაიბადა მკვლელი, რეციდივისტი ტიგრან გულოიანი. ამას მოჰყვა ალქაჯი „მაკბეტში“ და ვიფიქრე, ახლა მაინც დამთავრდა ჩემი გაწბილების პროცესი-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად – რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაეშვა სპექტაკლი „შორაპნელი ქალბატონები“, სადაც გოგი საიქიოდან მოვლინებულ ადამიანს თამაშობს. ახლა თავად განსაჯეთ, რით დაიწყო და რით მთავრდება ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი“. – ხუმრობდა ნათელა ურუშაძე.

ქეთევან კიკნაძე და გიგა ლორთქიფანიძე

ქეთევან კიკნაძე და გიგა ლორთქიფანიძე-ის სურათის შედეგი
ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ქეთევან კიკნაძე მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, გიგა ლორთქიფანიძე კი – 31 წლის რეჟისორი. ერთმანეთი დანახვისთანავე მოეწონათ. წლების შემდეგ გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: გაცნობიდან მეოთხე თუ მეხუთე დღეს ვუთხარი, ქეთინო, მე ახლა ბავშვი არ ვარ, ჯოხიანი კაცი ვარ და სად მაქვს შენი დევნის თავი, თუ გამომყვები, გამომყევი ცოლად-თქო და ამ დღიდან ერთად თითქმის 55 წელი იცხოვრეს. გიგა ლორთქიფანიძე 2013 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა. „მამა ისე იყო შეყვარებული დედაზე, როგორც 17 წლის ბიჭი. ბოლო დღეებში ერთი წამითაც თუ გაახელდა თვალს, დედას კითხულობდა. ქეთინო როგორ არისო. როცა ვეტყოდით, რომ კარგად იყო, ისევ ხუჭავდა. ერთ დღეს შვილები – მე, ნინო და მაიკო თავზე ვადექით და მის გაღვიძებას ველოდით, რომ დავლაპარაკებოდით, მაგრამ, როგორც კი თვალი გაახილა, ისევ დედა იკითხა. ვუთხარი, მამა, ნუთუ ყველაზე მეტად, შვილებზე მეტადაც დედა გიყვარს-თქო და კიო, – მიპასუხა. დედას მიმართ საოცარი სიყვარული ჰქონდა“, – იხსენებდა გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ნანა.

იხ.სრულად: funtime.ge
წინა პოსტი

9 წლის წინ, ამ დღეს დააკავეს - რას იხსენებს მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი?

შემდეგი პოსტი

კლაუდია როთი: შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ქართველ ხალხზე, ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა